თეგი: პოლიციის დღე

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი დიდი სურვილია, ავაშენოთ პოლიციის ათასბინიანი ქალაქი თბილისში, პროექტი წელსვე დაიწყება

ჩემი დიდი სურვილია, ავაშენოთ პოლიციის ათასბინიანი ქალაქი თბილისში. პროექტი წელსვე დაიწყება და ჩვენ კიდევ შევძლებთ ბევრი პოლიციელის ოჯახი გავახაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მოქმედმა და მომავალმა პოლიციელებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და ყოველთვის ეცდება, პოლიციელი ჰყავდეს დაფასებული. „პროექტი წელსვე დაიწყება და ჩვენ კიდევ შევძლებთ ბევრი პოლიციელის ოჯახი გავახაროთ. ჩვენი ვალია, სათანადოდ დავაფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იბრძვის და თავს წირავს, თავის ყველაზე ძვირფასს – სიცოცხლეს აგდებს საფრთხეში. ქვეყანაში, რომელიც ვითარდება, რომელშიც შენდება ახალ-ახალი საცხოვრებელი უბნები, სადაც ყოველწლიურად იზრდება უცხოელ ტურისტთა ნაკადი, ჩნდება ახალი საპოლიციო შენობების აშენების საჭიროებაც. ჩვენ უკვე განვაცხადეთ და კიდევ გავიმეორებ, რომ საპოლიციო ინფრასტრუქტურა საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა თუ რაიონში უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული, აღჭურვილი და მოწყობილი. ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის აშენებისთვის ბიუჯეტი დაახლოებით 300 მლნ ლარს შეადგენს; აქვე განვმარტავ, რომ სამშენებლო პროცესი არ შეეხება მხოლოდ პოლიციის დანაყოფებს, ეს მშენებლობები იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის ყველა დანაყოფში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. გვაქვს გეგმაში, რომ ეს პროცესი სამ წელიწადში დასრულდეს“, – აღნიშნა პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: პოლიციელის მოვალეობა არის ქვაკუთხედი, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს უსაფრთხოება, მშვიდობა, მადლობა, რომ ამ პროფესიას ყველაფერი შესწირეთ  

შსს-მ პოლიციაზე ჰიმნის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ახალი სიმღერის, სახელწოდებით „ვემსახურები საქართველოს“ პრეზენტაცია გამართა. ვახტანგ გომელაური: აქტიურად ვმუშაობთ პოლიციელებისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნაზე სიმღერის მუსიკა რუსა მორჩილაძეს, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. სიმღერა „ქართულმა ხმებმა“ და ოთო ნემსაძემ შეასრულეს. 31 მაისს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება. 

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 30 მაისს პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დროს, 08:30 საათიდან 21:00 საათამდე წულუკიძის მოედნიდან ჩამომსვლელ - მ. ლაღიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მოძრაობა შეიზღუდება კახეთის გზატკეცილიდან ნოე რამიშვილის ქუჩის მიმართულებითაც. აღნიშნული შეზღუდვები გაუქმდება 30 მაისს 21:00 საათზე. „31 მაისს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კახეთის გზატკეცილზე 09:00 საათიდან 12:30 საათამდე ავტომობილების მოძრაობა კვლავ შეიზღუდება. კერძოდ, წულუკიძის მოედნიდან ჩამომსვლელ - მ. ლაღიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ავტომანქანები იმოძრავებენ 17 შინდისელი გმირის ქუჩის გავლით, ჯავახეთის ქუჩის მიმართულებით. ასევე, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩაზე ამომავალი პანდუსი დაიკეტება და ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ჯავახეთის ქუჩაზე, მოსკოვის გამზირის მიმართულებით. ქალაქის ცენტრის მიმართულებით მიმავალ ავტომობილების ნაკადს გადაადგილება შეეძლება კახეთის გზატკეცილიდან ჯავახეთის ქუჩისკენ ჩამსვლელი პანდუსით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ 30 და 31 მაისს, მოქალაქეები საპოლიციო სერვისების მიღებას შეძლებენ მ. ლაღიძის ქუჩაზე განთავსებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ექსპრეს ფილიალის საშუალებით 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე. ასევე, დისტანციურად მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სატელეფონო მომსახურების ცენტრის საშუალებით“, - ნათქვამია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.